კორონავირუსის აქტიური გავრცელების გამო იტალიის მთავრობამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი დააწესა. ამის შესახებ ANSA წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსახლეობა სახლებში 22:00-დან 05:00 საათამდე უნდა დარჩეს. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოაწერა.
ამასთან, ქვეყანაში დაიკეტება მუზეუმები და გამოფენები, უფროსკლასელები კი დისტანციურ სწავლაზე გადავლენ. სავაჭრო ცენტრები უქმეებზე არ იმუშავებს.
პროვინციები და რეგიონები ქვეყანაში რისკის 3 ზონად დაიყოფა - დაბალი, საშუალო, მაღალი. საშუალო და მაღალი რისკის რეგიონებში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს.
ახალი აკრძალვები იტალიაში 4 ნოემბრიდან 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო. 2 კვირაში ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 10-დან 30 ათასამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge