ორშაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ალიევის თქმით, „იტალიური კომპანიები ახლა აქტიურად არიან ჩართულნი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პროექტების განხორციელებაში“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბაქო დაინტერესებულია, რომ უფრო მეტი იტალიური კომპანია მონაწილეობდეს გათავისუფლებულ მიწებზე - ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში აღდგენით სამუშაოებში, როგორც მშენებლობაში, ისე მომსახურებასა და ინვესტიციებში. ამასთან დაკავშირებით ალიევმა აღნიშნა, რომ იტალიურმა კომპანია Iveco-მ უკვე დაიწყო გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარი საწარმოს შექმნა, სადაც სატვირთო მანქანების წარმოება იგეგმება.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ალიევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ იტალია-აზერბაიჯანის ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ოფიციალური ბაქო ცდილობს კიდევ უფრო გააფართოოს სტრატეგიული პარტნიორობის ეს ჩარჩო.
„იტალიის მთავრობის სამი მინისტრის ჩამოსვლა აზერბაიჯანში 11 იანვრიდან დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია და შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოვლენა არაჩვეულებრივია. ამ ვიზიტების დროს ჩვენ განვიხილეთ და განვაგრძობთ თანამშრომლობის საკითხებს სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, ენერგეტიკულ, ასევე საინვესტიციო და ზოგადად სავაჭრო სფეროებში“, - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, ნავთობისა და გაზის სექტორში და ენერგეტიკის პროექტები აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაქოს სურს რომთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოება.