იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე განმარტავს,რომელი ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს ვაქცინის რა დოზით აცრიან.
როგორც ივანე ჩხაიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ აღნიშნავს, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ საქართველოში არ არის. მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიიღებს ის თავდაპირველად რისკ ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის „ბუსტერის“ გაკეთებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
“ბავშვების ასაკი რამდენიმე ჯგუფად იყოფა.16-18 წლამდე ასაკი იყო პირველი, სადაც დავიწყეთ ვაქცინაცია. მეორე ასაკობრივი ჯგუფი იყო 12-15 წლამდე. ეს ასაკობრივი ჯგუფი არც თუ ისე დიდი აქტიურობით გამოირჩევა. შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი არის 5-დან 11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის განმავლობაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ვაქცინაციაზეც ვიმსჯელებთ.
რაც შეეხება 6-თვიდან 5 წლის ასაკამდე ბავშვებს. თებერვლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, რომ მიიღოს ეს რეგულაცია და ბავშვების ვაქცინაციის მინიმალური ასაკი 6 თვიდან პერიოდი იქნება. ისე, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
რაც შეეხება 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას. ალბათ, ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. პირველ რიგში, მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებს შევთავაზებთ. ეს ვაქცინა საქართველოში არ არის, განსხვავებული ვაქცინაა, განსხვავებულია დოზირება, შეფუთვა. ჯერ „ბუსტერზე“ საუბარი არ არის. „ბუსტერი“ 12 წლიდან ასაკობრივ ჯგუფშია დაშვებული. 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის „ბუსტერზე“ საუბარი ჯერ არ არის“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
IPN.GE