ყველაზე მარტივი, ყველაზე ქმედითი, ყველაზე სწრაფი შედეგის მომტანი არის ის, რომ მკაცრად მოვითხოვოთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. მკაცრად მოვითხოვოთ და ავკრძალოთ ნებისმიერი თავშეყრა დახურულ სივრცეში - ეს იქნება წვეულება, ბანკეტი, დაბადების დღე თუ რაიმე სხვა, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„პირბადის გარეშე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქალაქეების ერთად ყოფნა არის იდეალური ნიადაგი კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელებისთვის. ვირუსის ამ მუტაციას ჩინურ ვარიანტთან შედარებით ოთხჯერ უფრო მაღალი გავრცელების შესაძლებლობა აქვს.
ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებაზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში პირბადის ტარების ვალდებულება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. ერთი 100-კაციან წვეულებაზე რომ 2 ინფიცირებული ადამიანი მოხვდეს, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე არის ლოკალური, მაგრამ მნიშვნელოვანი აფეთქება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
imedinews.ge