2022 წლის ივნისში საცხოვრებელი ბაზრის ზომა ბათუმში 18%-ით 63 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Colliers Insider Georgia ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2022 წლის ივნისში 8%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი მაჩვენებელი გაორმაგდა და 256 ერთეული შეადგინა. ბათუმში 2022 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უნიშვნელოდ, 4%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 856 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 663 აშშ დოლარს გაუტოლდა.
2022 წლის ივნისში ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტში და 595 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა ეკონომ და პრემიუმ სეგმენტებში მაჩვენებელი, შესაბამისად, 2% და 10%-ით შემცირდა.
იმავდროულად, ბათუმში ივნისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 17%-ით, 1,504 ერთეულამდე გაიზარდა.