2022 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.4 პროცენტიანი ზრდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მაისთან შედარებით ფასები 2.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.15 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-2.8 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2 პროცენტი), რამაც 0.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (1.4 პროცენტი).
გარდა ამისა, ფასების 0.4 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა.