ჟერარ დეპარდიემ, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ნაჩუქარი, უძრავი ქონება გაყიდა და ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შესახებ რუსი მწერალი და ჟურნალისტი ვიქტორ შენდეროვიჩი სოციალურ ქსელში წერს. ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჟერარ დეპარდიე სარანსკის ბინაში გადასვლის გარეშე გაემგზავრა ბელგიაში. ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთში ხანმოკლე ყოფნამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ფრანგი იყო. ამის მისახვედრად დიდი დრო დასჭირდა, ”- წერს შენდეროვიჩი.
ჯერჯერობით უცნობია, უარს იტყვის თუ არა მსახიობი რუსეთის მოქალაქეობაზეც, რომელიც მას ვლადიმერ პუტინის პირადი ბრძანებით „კინოს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის“ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პასპორტთან ერთად დეპარდიემ მიიღო 15 მილიონი რუბლის (560 000 ლარი) ღირებულების ხუთოთახიანი ბინა გროზნოში და კიდევ ერთი ბინა ქალაქ სარანსკის ახალ კორპუსში. მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი ძალიან მაღალი გადასახადების გამო თქვა.