JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა 2022 წლის პროგნოზი და საინვესტიციო რეკომენდაციები გამოაქვეყნეს. მათი აზრი მომავალი წლის თაობაზე საკმაოდ ოპტიმისტურია - ისინი მიიჩნევენ, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდება და მსოფლიო ეკონომიკა ზომიერად, მაგრამ გაიზრდება.
ასევე მოსალოდნელია შტატების ფედერალური რეზერვის მხრიდან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა, სამომხმარებლო ხარჯების ზრდა 3,1%-ით, კორპორაციული ინვესტიციების ზრდა 4,8%-ით და სახელმწიფო ხარჯების 4,8%-იანი მატება.
საბაზო პროგნოზში ინფლაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება, მაგრამ 2021 წლისგან განსხვავებით, ფასების ზრდა მხოლოდ ცალკეულ სეგმენტებს შეეხება. JPMorgan-ის ანალიტიკოსების აზრით, 2022 წელს შრომის ბაზრის აღდგენა გაგრძელდება და მოსალოდნელია ხელფასების მნიშვნელოვან ზრდა.
კორონავირუსის ახალ-ახალი შტამების გამოჩენა სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ეფექტური ვაქცინების, კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების და სიკვდილიანობის შემცირების ფონზე პანდემია ფაქტობრივად დასრულდება და ეკონომიკა 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება.
2021 წლის შემოდგომაზე ეკონომიკური ზრდა ევროპაში დაინფიცირების ზრდამ და ახალმა ლოკდაუნებმა, მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსმა და მომარაგების ჯაჭვების შეფერხებამ შეანელა.
თუმცა, 2022 წელს ამ ფაქტორების ზემოქმედება შერბილდება, ხოლო სამომხმარებლო ბაზარი 2019 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
JPMorgan-ის პროგნოზის თანახმად, ინვესტორებმა ყურადღება რამდენიმე დარგს უნდა მიაქციონ - ენერგეტიკას (ნავთობის 90 დოლარამდე მოსალოდნელი გაძვირების გამო), ფინანსებს (ბანკებისთვის მოსალოდნელი განაკვეთების ზრდა მომგებიანი იქნება), ჯანდაცვას და საშუალო ზომის კომპანიებს.
ანალიტიკოსებმა რამდენიმე ყველაზე პერსპექტიული დარგი და კომპანია დაასახელეს.
2022 წელს მომგებიანი იქნება ინვესტირება მსხვილ ბანკებში, რადგანაც მოსალოდნელია დაკრედიტების ზომიერი ზრდა და პროცენტული შემოსავლების მატება მაღალი განაკვეთების გამო.
მსესხებლების ხარისხი მაღალ დონეზე დარჩება, თუმცა, ბანკებს რეზერვების გაზრდა მოუწევთ.
საბანკო სექტორისთვის ძირითადი საფრთხეა ეკონომიკური ზრდის შენელება კორონავირუსის ახალი შტამის გამო. ასევე მოსალოდნელია დანაკარგები კორპორაციული გადასახადის ზრდის გამო. ბანკებს ახალი ტექნოლოგიების და სერვისების დანერგვის მიზნით ხარჯების მატება მოუწევთ.
ფინანსურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ინვესტიციების ობიექტია Bank of America.
პერსპექტიულია ასევე კაპიტალდაბანდებები ფარმაცევტულ სექტორში - მსხვილი კომპანიების აქციები დეკემბრის დასაწყისში 35%-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა, რაც ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებაა ბოლო 15 წლის მანძილზე.
ფარმაცევტული კომპანიებისთვის 2022 წელი წარმატებული იქნება შტატების ბაზარზე წამლებზე ფასწარმოქმნის რეფორმის ფონზე. ჯანდაცვის სექტორის ზრდას ასევე ხელს შეიწყობს ახალი ტექნოლოგიები და გაუმჯობესებული პრეპარატები - მაგალითად, კომპანია Eli Lilly-მ შექმნა წამლები, რომლებიც დიაბეტის და ალცგეიმერის დაავადებასთან ბრძოლაში საკმაოდ ეფექტურებია.
ასევე დიდი პერსპექტივა აქვს ინვესტიციებს მაღალ ტექნოლოგიებში - სწორედ ეს სექტორი გამოდის პანდემიიდან არა დასუსტებული, არამდე გაძლიერებული.
JPMorgan განსაკუთრებით გამოყოფს ელექტრონულ კომერციას და ხელმოწერით მომუშავე სერვისებს, ასევე ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების წილის ზრდას და შესაბამისად, კონკურენციის შემცირებას. სწრაფად იზრდება ონლაინ-ვაჭრობაც, რომელიც ცალკეულ მიმართულებებზე ბრუნვის 20%-ს შეადგენს, ხოლო მომავალში 40-50%-მდე გაიზრდება - პირველ რიგში ეს კვების პროდუქტებს ეხება.
ანალიტიკოსები ასევე პროგნოზირებენ iPhone 13-ზე მოსალოდნელზე მაღალ მოთხოვნას, რაც Apple-ს რეკორდულ წლიურ შემოსავალს მოუტანს. ასევე 20%-ით გაიზრდება კომპანიის შემოსავალი სხვადასხვა სერვისებისგან, მაგალითად, App Store-სგან.
ამიტომაც ინვესტიციები Apple-ში 2022 წელს განსაკუთრებით მომგებიანი იქნება.
The Bell