საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდადებულების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს, რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს
როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის დასაბუთებულობასა და კანონიერებას მისი გაცნობის შემდეგ დეტალურად შეაფასებს.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 16 იანვარს მიღებული განაჩენით ალექსანდრე ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ მსჯავრდადებული ექვსი პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გაამართლა (სსკ-ის 225 მუხლი, მე-2 ნაწილი). შედეგად, მსჯავრდადებულ პირებს შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული სასჯელი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს წარმოადგენს 2021 წლის 05 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს, რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.