პუტინის ომმა რუსეთის მოქალაქეებს სიმართლესთან წვდომა შეუზღუდა. ისინი ცხოვრობენ იზოლირებულ საინფორმაციო სივრცეში. ინტერნეტის ეპოქაში ეს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შესაძლებელია, ჩვენი ამოცანაა სიცრუის კედლების დანგრევა, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის შეირაღებული ძალები სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს, რასაც პრეზიდენტი პუტინი არ ელოდებოდა.
„უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, თავისუფლებისთვის, რომ განსაზღვრონ თავიანთი ბედი. უკრაინის შეირაღებული ძალები სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს, რასაც პრეზიდენტი პუტინი არ ელოდებოდა. ჩვეულებრივი ადამიანები ქუჩებში დროშებით დგანან შეჭრილი ჯარის წინააღმდეგ და სახლში წასვლისკენ მოუწოდებენ. უკრაინელ ფერმერებს რუსული ტანკები ბუქსირით სახლებში მიჰყავთ.
ერთი ამბავი, რომელიც ვრცელდება სოციალურ მედიაში, ეხება ქალს, რომელმაც რუსული უპილოტო საფრენი აპარატი კიტრის მწნილის ქილით ჩამოაგდო. როგორ ელოდებოდნენ ისინი, რომ ამ ქვეყნის ოკუპირებას მოახდენდნენ. ამავე დროს, ბევრი ადამიანი საზღვრებისკენ მიდის. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა და ევროკავშირში გადავიდა. ლტოლვილების შემოსვლა ისევ გაგრძელდება. ახლა ისინი ევროკავშირში მოდიან და არა რუსეთში. ეს არის სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, რომელსაც მხოლოდ თავისი ევროპული ოცნების ასრულება სურს. ამის მიზანია მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება, რაც მანამდე ვნახეთ გროზნოში, ალეპოში. საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, საცხოვრებელი ზონები ხდება სამიზნე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. პუტინის ომმა რუსეთის მოქალაქეებს სიმართლესთან წვდომა შეუზღუდა. ისინი ცხოვრობენ იზოლირებულ საინფორმაციო სივრცეში. ინტერნეტის ეპოქაში ეს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შესაძლებელია. ჩვენი ამოცანაა სიცრუის კედლების დანგრევა“, – განაცხადა კაია კალასმა.
როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, სანქციების დაწესების კუთხით, ევროკავშირმა იმოქმედა საგანგებო რეჟიმში და აჩვენა ერთიანობა, რაც მსოფლიოსთვის მოულოდნელობა იყო.
ესტონეთის დამოუკიდებლობის 104 წლისთავზე, მსოფლიო შეიცვალა. უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის შეჭრამ ჩვენს კონტინენტზე გააჩინა ისეთი საფრთხე, რომელიც არ გვინახავს 1939 წლის შემდეგ. რუსეთის ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან განსხვავებული იქნება. ასევე განსხვავებულ იქნება უსაფრთხოების მიმართ ევროპული მიდგომა. საჭირო იქნება ჩვენი ინსტიტუციური მიდგომების ამასთან მორგება. ევროკავშირმა უსაფრთხოების კუთხით ბოლო ორ კვირაში ბევრი რამ შეცვალა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში. სანქციების დაწესების კუთხით, ევროკავშირმა იმოქმედა საგანგებო რეჟიმში და აჩვენა ერთიანობა, რაც პრეზიდენტი პუტინისთვის და მსოფლიოსთვის მოულოდნელობა იყო. ჩვენ ვიმოქმედეთ, როგორც გეოპოლიტიკურმა კავშირმა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სტრატეგიული მოთმინებით, რადგან მშვიდობა ხვალ არ დაისადგურებს. რუსეთი ელოდება, რომ მალე უკან გადავდგამთ ნაბიჯს, როგორც დიმიტრი მედვედევმა აუხსნა პრეზიდენტ პუტინს უსაფრთხოების საბჭოზე. პუტინი ეცდება ჩვენს გამოცდას და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
1tv.ge