მსოფლიო ბაზარზე პირველი ქართული კალორიების დამთვლელი აპლიკაცია NUSAGI გამოჩნდა. აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლში თუ რესტორანში მიღებული კალორიების რაოდენობა აკონტროლოთ.
„კომერსანტთან“ საუბრისას სტარტაპის იდეის ავტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გულუამ აღნიშნა, რომ აპლიკაციის ალგორითმი ადამიანის მეტაბოლიზმს შეისწავლის, რისი მეშვეობითაც მისთვის საჭირო დღიური კალორაჟის მაქსიმალური სიზუსტით შერჩევას იწყებს.
„ყველა აპლიკაცია კალორიას ითვლის მარტივი ფორმულის მიხედვით. თუმცა, ჩვენს აპლიკაციაში კალორიები დათვლილია არა მხოლოდ, ასაკის, სქესის, სიმაღლის, წონის და იმის მიხედვით,თუ ადამიანს რამდენის დაკლება სურს, არამედ მისი რეალური მეტაბოლიზმიდან გამომდინარეც. რაც უფრო მეტად იყენებს მომხმარებელი აპლიკაციას, მით მეტად სწავლობს მის ორგანიზმს.
როდესაც დიეტაზე მყოფი ადამიანი რესტორანში შედის, მას შეკვეთილი კერძის ზუსტ კალორაჟზე ინფორმირებული არ არის. ყველა ნორმალურ რესტორანს ან კაფეს ინგრედიენტების ბუღალტრული აღწერა აქვს, თუმცა კერძების კალორიულობა თავადაც არ იციან. ჩვენ კი გავაკეთეთ სისტემა,რომელსაც ბუღალტრული აღწერა კალორიებში გადაჰყავს“, - განმარტავს გიორგი გულუა.
აპლიკაციის კიდევ ერთი ბენეფიტი მასში არსებული მუდმივად განახლებადი რეცეპტების ჩამონათვალია, რომელთა ინგრედიენტების გამოწერას აპლიკაციიდანვე შეძლებთ.
„ჩვენს სისტემაში შესაძლებელია ასევე რეცეპტების ნახვა, რომელიც მუდმივად ემატება. ეს წარმოადგენს მარტივ ინტერფეისს - იქვე წერია რა ინგრედიენტები გჭირდება, შესაძლებელია მათი გამოწერა და მაღაზიიდან მიტანის სერვისით მომხმარებელს სახლში მიუტანენ ამ ინგრედიენტებს“, - აღნიშნავს NUSAGI-ს დამფუძნებელი.
პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 150 000 ლარია, სხვადასხვა სერვისების ერთ სივრცეში აერთიანებს. სარესტორნო ანალიტიკის განვითარებისთვის სამომავლოდ „მიმოხილვის“ ველის დამატებაც იგეგმება, რათა არსებული პრობლემების გამოსწორება თავად რესტორნებმაც შეძლონ.
„შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში პირველები ვართ, ასეთი აპლიკაცია არსად არსებობს. ყველა მსგავსი ტიპის აპლიკაცია ეყრდნობა user generated data-ს, რაც საკმაოდ არაზუსტია, ვინაიდან მომხმარებლის მიერ ჩაწერილი კალორიების რაოდენობით ფუნქციონირებს. ჩვენი აპლიკაცია რესტორნებს აწვდის ისეთი ტიპის ანალიტიკას,რაც მათ აქამდე არ ჰქონდათ. არსებობდა ინფორმაცია,რომელსაც არავინ იყენებდა, ჩვენ ავიღეთ ეს ინფორმაცია, დავამუშავეთ და გადავიყვანეთ აპლიკაციაში.
რესტორნებს ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით ეცოდინებათ, თუ კვირის რომელ მონაკვეთში, რა კერძია უფრო მოთხოვნადი, რაც მათ მარაგების შევსებაში დაეხმარებათ. ასევე, თუ მაგალითად, ლანჩის დროს 5 ამოსაყიდი მაგიდაა დარჩენილი, რესტორანს აქვს შესაძლებლობა ჩვენი აპლიკაციით გაუშვას რეკლამა, რომელიც მიუვა ზუსტად იმ ადამიანს, ვისაც არ უჭამია ან იმ რაოდენობის კალორია აქვს დარჩენილი,რასაც რესტორანი სთავაზობს. თუმცა, ეს უფრო შორეული გეგმაა“, - აცხადებს გიორგი გულუა.
აპლიკაციამ სატესტო რეჟიმში მუშაობა 4 აგვისტოდან დაიწყო და იმაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვიდრე კომპანიაში ელოდნენ.
„დაინტერესება იმაზე მეტია ვიდრე გვეგონა. აგვისტოს თვეს გამოვიყენებთ იმისთვის,რომ დავიხვეწოთ, სექტემბრისთვის კი გავეშვებით. ჩვენი გათვლებით, დეკემბერში დაიკლებს აქტივობა, ხოლო იანვარ-თებერვალში კვლავ მოიმატებს, ვინაიდან, კვლევები აჩვენებს,რომ სწორედ ახალი წლების შემდეგ იწყებს ყველა დიეტას“, -განმარტავს კომპანიის CEO.
კომპანიის სამომავლო გეგმებში, თბილისის რესტორნების 40%-ის ათვისება და ამასთან უცხოურ ბაზარზე გასვლაა.
„ამ ეტაპზე გვყავს ოთხი რესტორანი : „პასტა ბარი“,“ სულიკო ვაინ ბარი“, „ფასანაური დოლიძე“, „თამაშობანა“, „მუშუ“ და ერთი სურსათის მაღაზია. გვაქვს გეგმაში,რომ თბილისის რესტორნების 40% იყოს ჩვენს სისტემაში. ჩვენ არ გვინდა, რომ შევზღუდოთ ადამიანი, თუ მას მოუნდა ბურგერი, გვინდა რომ წავიდეს, ჭამოს ბურგერი, შემდეგ ნახოს რამდენი კალორია დარჩა და რა საჭმელი შეიძლება გააკეთოს ონლაინ მაცივარში არსებული ინგრედიენტების გათვალისწინებით.
ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ავიდეთ სამი ათას დღიურ მომხმარებელზე და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების საფუძველზე მზად ვართ დაგვაფინანსონ და დავიწყოთ უცხოურ ბაზარზე გადასვლა. უკვე გვაქვს მოლაპარაკება ლოს-ანჯელესში. ვინაიდან, ეს არის ქალაქი, სადაც ერთ ადამიანზე ყველაზე მეტი რესტორანი მოდის“, - აღნიშნავს გიორგი გულუა.
ანი ცარციძე