გერმანული Daimler Truck AG რუსულ KAMAZ-თან თანამშრომლობას წყვეტს. კომპანიის 15% გერმანულ ავტომწარმოებელს ეკუთვნის. გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, ნაბერეჟნიე ჩელნიში მდებარე ერთობლივ საწარმო DK Rus-ის ფარგლებში, გერმანული კონცერნი მაკომლექტებელი დეტალების მიწოდებასა და სატვირთო მანქანების წარმოებას შეწყვეტს.
გამოცემის შეფასებით, KAMAZ სამხედრო ტექნიკის მწარმოებელია, ამიტომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, Daimler Truck-ს მასთან თანამშრომლობა გაუჭირდება.
გერმანული გაზეთის ვერსიის შესახებ KAMAZ კომენტარს არ აკეთებს.
KAMAZ მძიმე სატვირთო მანქანების უდიდესი რუსული მწარმოებელია. კომპანია ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. მისი მთავარი აქციონერი სახელმწიფო კორპორაცია Rostec-ია (47,1%), რომელიც, ასევე, დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშია. Rostec-ის გარდა, KAMAZ-ის თანამფლობელია შპს Avtoinvest (23,54%). ანალიტიკური სისტემა SPARK-Interfax-ის მონაცემებით, ამ კომპანიის 50% ვიტალი მაშჩიცკის, ხოლო 30% გენერალურ დირექტორ სერგეი კოგოგინს ეკუთვნის, Avtoinvest-ის 20%-ს კი რუბენ ვარდანიანი ფლობს. KAMAZ-ის მეორე თანამფლობელ Daimler AG-ს კომპანიაში 15%-იანი წილი აქვს. მინორიტარ აქციონერებს შორის არიან KAMAZ International (4,25%), ევრაზიის განვითარების ბანკი (EDB, 3,72%) და თათარსტანის მთავრობის სტრუქტურა, Svyazinvestneftekhim JSC (2,8%).
სპეციალურ ვიდეომიმართვაში KAMAZ-ის გენერალური დირექტორი, სერგეი კოგოგინი აცხადებს, რომ ავტომწარმოებელი რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან შემდგომი მოქმედების გეგმაზე შეთანხმდა და მიმწოდებლების წინაშე ვალდებულებებს შეასრულებს.
bpn.ge