კანადა უკრაინისთვის ოთხი Leopard 2 ტანკის მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ CBC News-ი იუწყება. წყაროს ინფორმაციით, კანადის მთავრობამ შესაძლოა დღეს, ხუთშაბათს, გააკეთოს განცხადება უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ.
CBC-ი წერს, რომ კანადა, სავარაუდოდ, უკრაინას A4 ტანკის ვარიანტს გაუგზავნის, რომელიც მის შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთი უძველესია. A4 ტიპის ტანკები კანადამ ავღანეთის ომის დროს ნიდერლანდებისგან იყიდა.
გუშინ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა მეტ მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, მაგრამ ტანკების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
„დღეს განცხადებას არ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად“, - თქვა ტრუდომ.