„მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოსამზადებლად გვაქვს 20-დღიანი პერიოდი, უმჯობესი იქნება მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან გადაწყვეტილების მიღებისას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორმა განუცხადა.
გიორგი ასათიანი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა ხელისუფლებისგან გადაწყვეტილების მიღებისას მეტ კომუნიკაციას და დეტალის ცოდნას ითხოვს.
„გადაწყვეტილება თავისთავად მისასალმებელი და პოზიტიურია, მაგრამ კარგი იქნება, ბიზნესი ყოველთვის ტელევიზიიდან არ ვიგებდეთ ცვლილების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოსამზადებლად გვაქვს 20-დღიანი პერიოდი, უმჯობესი იქნება მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან გადაწყვეტილების მიღებისას.
ახლა, პრობლემაა ადმინისტრირება და დეტალები. რა საკვირველია ვიცით, რომ ეს ხარჯებს გაზრდის და მეტი რესურსი დაგვჭირდება, რომ შევამოწმოთ, მაგრამ უცნობია, როგორ უნდა მოხდეს შემოწმება, რამდენი იქნება კანონდარღვევაზე სანქცია, ბაზა ელექტრონული იქნება თუ არა და სხვა დეტალები, რომელიც უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი ასათიანმა.
მისი თქმით, ,,ოკტოპუსის“ თანამშრომლების 90%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
bpn.ge