საქსტატმა ხელფასების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს საქართველოში მედიანური ხელფასი 900 ლარი იყო, მაშინ როდესაც საშუალო ხელფასი 1,304 ლარს შეადგენდა.
საქსტატის ანგარიშში წერია, რომ საშუალო ხელფასისგან განსხვავებით, რაც ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმეტიკულია, მედიანური ხელფასი ზუსტ მაჩვენებელს ყველაზე მაღალსა და დაბალ ხელფასებს შორის ასახავს.
Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე გადაცემა "საქმიან დილაში" ამბობს, რომ კარგი იქნება თუ საქსტატი მინიმალურ და მაქსიმალურ ხელფასებს თითოეულ დარგში აჩვენებს.
"მოსახლეობისთვის ამის შემდეგ უფრო კარგად იქნება აღქმადი და გასაგები, რას ნიშნავს მედიანური და საშუალო ხელფასი", - ამბობს იგი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1% (213 ლარით) გაიზარდა და 1,541 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე დაიწყო, რომლის გამოქვეყნებაც წლიური პერიოდულობით არის დაგეგმილი.
წყარო: bm.ge