ახალი კანონპროექტის მიხედვით, აზარტული თამაშების სექტორში დაიბეგრება არა კომპანიების მოგება, არამედ მიღებული შემოსავალი.
აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ უფრო მაღალი მარჟის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო.
,,პირველი ეტაპისთვის, 10%-ით დაბეგვრა ნორმალური გადაწყვეტილებაა. თუმცა, პირადად ჩემი აზრია, კარგი იქნებოდა თავიდანვე 20%-ით მომხდარიყო დაბეგვრა. სავარაუდოდ, მთავრობას იმედი აქვს, რომ ყველა რეგულაციის ამოქმედება ერთად, შეამცირებს აზარტული სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელს. შესაბამისად, უფრო დაბალი მარჟა აირჩია.
კარგია, რომ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რეალურად ამოქმედდება რეგულაციები და კარგია ისიც, რომ გაიზრდება ბიუჯეტში შენატანები. აქედან გამომდინარე, რაღაც კორექტირებებს შევიტანდი, თუმცა მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებებს, რადგან აქამდე ეს ბიზნესი რეგულაციებს მიღმა იყო დარჩენილი და საკმაოდ დაბალ თანხას იხდიდა ბიუჯეტში“, - განაცხადა აფბას პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ცვლილებები მისასალმებელია, თუმცა მთავარია როგორ მოხდება ადმინისტრირება.
,,არანაირი შედეგი არ ექნება არცერთ რეგულაციას, მაგალითად, ასაკის ზღვრის აწევას და ა.შ. თუ არ მოდა ეფექტური მონიტორინგი და ადმინისტრირება. ვგულისხმობ კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, თუ დარჩა ისე, რომ ისევ პირადობის ფოტოს ატვირთვით მოხდება ვერიფიკაცია, ამ შემთხვევაში არ აქვს ზღვრის აწევას არც 24 და არც 30 წლამდე. ვერიფიცირება უნდა მოხდეს აუცილებლად ადამიანის ადგილზე მისვლით და მოთამაშედ რეგისტრირებით. დღესაც, 18 წლამდე თამაში აკრძალულია, მაგრამ ვხედავთ, რომ არასრულწლოვნები უპრობლემოდ თამაშობენ“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, თუ რა პრინციპით დაიბეგრება სათამაშო ბიზნესი. „დაბეგვრის მექანიზმი გაურკვეველი ვერ იქნება კომპანიებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ოპერირებენ ეს კომპანიები. საუბარი მაქვს იმ ჯგუფზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ეს დაბეგვრის მექანიზმი ყველა ქვეყანაში არის ერთნაირი. ეს არის ე.წ. ჯიჯიარის დაბეგვრა. შინაარსობრივად ეს არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ მოგებას შორის ყოველთვიურად გაანგარიშებული ე..წ ჯიჯიარის დაბეგვრა. მაგალითისთვის, თუ კონრეტულ სათამაშო ობიექტს მთლიანი შემოსავალი თვის განმავლობაში 100 ლარი ჰქონდა და ამ 100 ლარის შემოსავლიდან მან გასცა დაახლოებით 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ 70 ლარი არის ე.წ. სხვაობა. შესაბამისად, 70 ლარის 10%-ს, ანუ 7 ლარს გადაიხდის კონკრეტული თვის მომდევნო თვეში ბიუჯეტში კონკრეტული ოპერატორი. ეს 10%-იანი განაკვეთი არ არის უმაღლესი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გვხვდება. არის ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, სადაც 10%-ზე მაღალი არის ეს განაკვეთი. შესაბამისად, ამ მიმართულებით არ მგონია, ისეთი ნორმა შემოდის, რომ კომპანიები ამ ტვირთს ვერ აიღებენ“,-განაცხადა ხუციშვილმა.
bpn.ge