ვულოცავ ყველა ევროპელს და მათ შორის ყველა ქართველს ევროპის დღეს. ევროპის დღეს ევროკავშირის დაფუძნებას და იმ ღირებულებებს აღვნიშნავთ, რომელზეც ის არის დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროპის დღე მხოლოდ ეხება იმ პარტნიორობასაც, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს აკავშირებს.
„ცხადია, რომ წელს ევროპის დღის აღნიშვნა ხდება იმ საშინელი ომის ჩრდილში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ ყველა სოლიდარულნი ვართ უკრაინის მიმართ და მზად ვართ დახმარებისთვის, რომელიც დაფუძნებულია იმავე ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ველოდები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე თბილისის მერთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ბევრ სხვასთან შეხვედრას, ვინც პატივი დაგვდო და ჩვენთან ერთად აღნიშნავს ევროპის დღეს, რადგან ევროპის დღე მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, ეს ეხება იმ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს“, – განაცხადა ჰარცელმა.
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და მშვიდობისა და კეთილდღეობის 70-ზე მეტ წელს ითვლის.