კატარში დაგეგმილ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს სტადიონებზე ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები არ გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ალკოჰოლი გაიყიდება გარკვეული მატჩების წინ და შემდეგ, მხოლოდ სპეციალურ ადგილებში.
„ამჟამად განიხილება სტადიონის შესასვლელებთან ტერიტორიების მოწყობა, მატჩის მიმდინარეობისას და სტადიონის შიგნით ლუდი არ გაიყიდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კატარის კანონების მიხედვით, ქვეყანაში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების დალევა საზოგადოებრივ ადგილებში. ასევე აკრძალულია ძლიერი სასმელების დამოუკიდებელი იმპორტი ქვეყანაში.
2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. მატჩები შვიდ ქალაქში რვა სტადიონზე შედგება. შეჯიბრში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
2021 წლის დეკემბერში, კატარის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი სტადიონებზე არ დაუშვებენ გულშემატკივრებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ იქნებოდნენ აცრილი.