დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2022 წელს მეუღლეს 2 ბინა აჩუქა, რომელიც მანამდე მის საკუთრებას წარმოადგენდა. საუბარია თბილისში მარო მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე 258,54 კვ.მ და 203,04 კვ.მ საცხოვრებელ ბინებზე.
დედაქალაქის მერმა ბოლო დეკლარაცია 2023 წლის 31 იანვარს შეავსო, დეკლარაციის თანახმად კალაძე-არეშიძის წყვილი სულ 8 ბინის მფლობელია, საიდანაც 2 ბინა კიევში მდებარეობს.
წყვილი ასევე ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს და მასზედ დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს.
კახა კალაძის დეკლარაციის მიხედვით, ის რამდენიმე ფერწერული ტილოს მფლობელიცაა, რომელთა ავტორებიც ელენე ახვლედიანი და ლადო გუდიაშვილი არიან და რომელთაგან ერთი აჩუქეს, ხოლო დანარჩენი 2008 წლამდე შეიძინა.
ფერწერული ტილოების კოლექციაში ყველაზე ძვირადღირებული ლადო გუდიაშვილის ფერწერული ნამუშევარია, რაშიც კალაძემ 2007 წელს 120 000 USD გადაიხადა.
როგორც ცნობილია კახა კალაძეს მოტო სატრანსპორტო საშუალები ძალიან მოსწონს და მის მფლობელობაში ამ დროისათვის 5 მოტოტრანსპორტია, ბოლოს მერმა 2021 წელს BRP mav max (კვადროციკლი) იყიდა, რაშიც 20 000 USD გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძეს 2022 წელს ახალი სატრანსპორტო საშუალება არ შეუძენია. თბილისის მერის მფლობელობაში ამ დროისათვის 3 მსუბუქი ავტომანქანაა, ხოლო ერთსაც ანუკი არეშიძე ფლობს.