„საქართველოს მელიორაცია“, კახეთში, 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.
სოფელ ახაშენისა და ჩუმლაყის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 6 კილომეტრამდე სიგრძის საირიგაციო არხი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა, რაც ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობას მისცემს.
სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.