კენიამ საქართველოში ბაობაბების ტრანსპორტირება და ექსპორტი შეაჩერა. როგორც The Guardian წერს, კენიის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს განკარგულებით, კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტრომ გამოძიებაც კი დაიწყო იმის დასადგენად, თუ როგორ მიიღო უცხოელმა კონტრაქტორმა, ამ შემთხვევაში ქართველმა გიორგი გვასალიამ, უძველესი ხეების ექსპორტზე გატანისთვის საჭირო ლიცენზია. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა Twitter-ში დაწერა, ბაობაბების ექსპორტისთვის აუცილებელია შესაბამისი ლიცენზია და კენიელებს შორის სარგებლის განაწილების ფორმულა.
„ამასთანავე, ეს პროცესი სრულ თანხვედრაში უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამასთან, რომელიც შემდეგი ათი წლის განმავლობაში თხუთმეტი მილიარდი ხის დარგვას ითვალისწინებს“, - აცხადებს პრეზიდენტი.
კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტროს განმარტებით კი ხეების ამოძირკვისა და ექსპორტის ლიცენზია, რომელიც გიორგი გვასალიამ ოქტომბერში მიიღო არასათანადოდ იყო გაცემული.
„ბაობაბი ხის უნიკალური სახეობა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც კენიის კონსტიტუციითაა დაცული“, – ამბობენ კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტროში.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი რვა ბაობაბი კენიიდან საქართველოში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გაგზავნილიყო, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ფლობს. აღსანიშნავია, რომ კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტროს ბაობაბების საქართველოში ექსპორტი არ აუკრძალავს – ის იმ დრომდე შეჩერდა, ვიდრე ლიცენზირების საკითხი მოგვარდება.