ნატურალური სასმელი „კეთილი და პატიოსანი“ საფრანგეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ჩინეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
როგორც „კომერსანტთან“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ აღნიშნა, ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა უცხოეთში საკმაოდ დიდია და კომპანია მზად არის ახალი ბაზრების ასათვისებლად.
„ჩვენი დასალევი ხილ-ბოსტნეული და ხილფაფა ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში უკვე გადის. გერმანიასა და აშშ-ში პროდუქცია უკვე გავაგზავნეთ, მოლაპარაკებები გვაქვს და ტექნიკურ დეტალებს ვათანხმებთ საფრანგეთთან და მალე მათაც მივაწოდებთ. ასევე ჩვენი პროდუქცია გადის დიდ ბრიტანეთში. რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მეტი აშშ-ში გაგვაქვს.
რაც შეეხება ახალ ბაზრებს, საფრანგეთის გარდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში ვგეგმავთ ექსპორტის განხორციელებას. ვცდილობთ დივერსიფიცირებული გვქონდეს მიწოდება“, — ამბობს გიორგი ახალაძე.
„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.