2022 წლის ბოლომდე უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან 12-16 მლრდ დოლარის მიღებას მოელის. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ განაცხადა.
„ყველაფერი დამოკიდებულია გამართული მოლაპარაკებების წარმატებაზე და დახმარებამ წლის განმავლობაში შესაძლოა, 30 მლრდ დოლარს მიაღწიოს. ჩვენ უკვე მივიღეთ 14 მლრდ დოლარი და წლის ბოლომდე 12-16 მლრდ-ს ველით“, - თქვა მან.
მარჩენკოს განცხადებით, უკვე სექტემბერში ხელისუფლება მოელის ფინანსური სახსრების მიღებას ევროკავშირისგან. სულ პროგრამით კიევმა 8 მლრდ დოლარი უნდა მიიღოს და ის რამდენიმე ტრანშად განხორციელდება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მაკროფინანსურ დახმარებას სრულად მიიღებს.
8 აგვისტოს აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უკრაინას 4,5 მლრდ დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფდა, მისი ბიუჯეტის მხარდასაჭერად. სახსრების გამოყოფა მოხდება საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურის ნაწილია.