ფილმის ყურება უფრო შთამბეჭდავი ხდება, როცა ფორსაჟის კადრებში ამოიცნობ რუსთავს, თბილისს, ანძას და ა.შ. - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ Cavea Cinemas- ს მარკეტინგის დირექტორმა სალომე კუპრაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით „ფორსაჟის“ მიმართ მაყურებლების დაინტერესება დიდია და პრემიერაზე დასასწრები ბილეთის მოპოვებაც საკმაოდ რთული იყო.
კუპრაშვილმა კინოთეატრების ერთთვიანი მუშაობაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების კვალდაკვალ ბევრი კინომოყვარული კინოს უბრუნდება. ე.წ. კომენდანტის საათის ორი საათით გადაწევა კი მაყურებელთა რაოდენობაზე საგრძნობლად აისახა.
„კინო აფიშაც ძალიან მრავალფეროვანია და ჟანრობრივად რეპერტუარიც განვითარებულია და არანაირი დაღმასვლა ამ მიმართულებით არ გვაქვს, ღამე გადაადგილების შეზღუდვის 11 საათამდე გადაწევა რა თქმა უნდა კინოსეანსების რაოდენობასაც გაზრდის და უკვე ზრდის მაჩვენებელიც შეინიშნება, თუ აქამდე ბოლო სეანსი 6 საათზე იწყებოდა ახლა შეგვიძლია, რომ საღამოს კიდევ ერთი სეანსი დავამატოთ. აქამდე თუ ადამიანებს სამსახურის შემდეგ კინოში მოსვლა არ შეეძლოთ, შეზღუდვის შემსუბუქების შემდეგ ამ ადამიანებმაც განაახლეს კინოში სიარული“ - აღნიშნა სალომე კუპრაშვილმა.
კუპრაშვილმა ადამიანების კინოში სიარულის ნაკადებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შაბათ-კვირა და „სუპერ ოთხშაბათი“ კვლავ დატვირთულია, რაც შეეხება ტენდენციას, კუპრაშვილის თქმით, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანებმა კინოში სიარული იმაზე უფრო აქტიურად დაიწყეს ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
„მქონდა მოლოდინი, რომ კინოს ატმოსფერო ამ შეზღუდვებს გადაფარავდა და ეგრეც მოხდა, ადამიანები იცავენ წესებს, მიყვებიან მითითებებს და მაყურებლებიც და კინოს თანამშრომლებიც ვხვდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ტენდენცია იგივე დარჩა, ადრე დიდი ნაწილი შაბათ-კვირას და „სუპერ ოთხშაბათს“ სტუმრობდა კინოს, აღსანიშნავია, რომ სუპერ ოთხშაბათის შეთავაზება, რომელიც კინოს ბილეთს 5 ლარად გულისხმობს, კვლავ ძალაში რჩება, შესაბამისად ტრენდი ნარჩუნდება და შაბათ-კვირა და ოთხშაბათი ყველაზე დატვირთულია, განწყობას გვიქმნის ისიც, რომ ევროპა იქნება ეს, აზია თუ სხვა რეგიონი, ადამიანების კინოში დაბრუნების ტენდენცია არის იმაზე სწრაფი, ვიდრე მოლოდინი იყო. მაგალითად ჩინეთში, იაპონიაში კინოში ადამიანების სიარული, ბოლო რამდენიმე წლის დასწრებებს შორის მაქსიმალურ ნიშნულზე მივიდა“ - აღნიშნა სალომე კუპრაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე