საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ გასულ წელს რეკორდული მოცულობის 283.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2020 წელთან შედარებით (196 მლნ ლარი) 87.6 მილიონი ლარით მეტია, რაც 44%-იანი ზრდაა.
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2021 წელს 31 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, მაშინ როდესაც 2020 წელს კომპანია 9.5 მლნ ლარის ზარალზე იყო.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივები 318,8 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წელს კი 308.9 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება ვალდებულებების, გასულ წელს 157,9 მლნ ლარი, ხოლო ორი წლის წინ 178.7 მლნ ლარი იყო.
„2022 წლის თებერვლის თვეში უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად რუსეთის ბაზარი დატოვა კოკა-კოლა კომპანიამ. ამ ვითარებამ გააჩინა ახალი მოთხოვნა მეზობელი სომხეთიდან, რომელიც ჰელენიკი ჯგუფის წევრია და მარაგდებოდა რუსეთიდან ალუმინის ქილაში ჩამოსხმული პროდუქციით. გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა 2023 წელს ახალი ინვესტიციის განხორციელება და ახალი ქილის ხაზის შეძენა.
2021 წლის შედეგებით გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე (კარბონირებული გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყალი, მინერალური გაზიანი წყალი, ცივი ჩაი, ცივი ყავა, წვენები, ენერგეტიკული სასმელები) კომპანიას ბაზრის 35% უკავია და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე,“- აღნიშნულია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 2021 წლის ანგარიშში.
2020 და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას ფლობდა 16 ინდივიდუალური აქციონერი. კომპანიის ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის თემურ ჭყონია. დანარჩენ აქციებს ფლობენ კომპანიის თანამშრომლები (8.04%) და სხვა პირები.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს – კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება. ამასთან, გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში. 2020 წლიდან კომპანიის ყველა საწარმოო ხაზი ნატახტარში მდებარე ახალ საწარმოში გადავიდა, რისთვისაც კომპანიამ ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას გერმანიის საინვესტიციო კორპორაციასთან (DEG), რომლის ფარგლებშიც კომპანიამ 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.