კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა სოციალისტმა გუსტავო პეტრომ - ის ქვეყნის ისტორიაში გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც მემარცხენე პოზიციებს იზიარებს. არჩევნების შედეგებზე იუწყებიან Guardian-ი და CNN-ი.
არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, გუსტავო პეტროს ერგო ხმათა 50,47 პროცენტი, მის მეტოქეს, ბიზნესის მაგნატ როდოლფო ერნანდესს - 47,27 პროცენტი. ერნანდესმა აღიარა დამარცხება. პეტროს გამარჯვება მიულოცა კოლუმბიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, კონსერვატორმა ივან დუკე მარკესმა.
გამარჯვების აღსანიშნავ გამოსვლაში პეტრომ განაცხადა, რომ ღიაა დიალოგისთვის ერნანდესთან. მან ერნანდესს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში დასრულდეს ძალადობა.
წინასაარჩევნო კამპანიებში ორივე კანდიდატი გამოდიოდა ცვლილებების დაპირებებით, რაც მიმართული იყო კოლუმბიელების უკმაყოფილებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უმკლავდებოდა პრეზიდენტი დუკე უთანასწორობას, პოლიციის ქმედებებს და დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის შეტაკებებს. პეტრო გამოდიოდა კორპორაციული გადასახადების გაზრდის და ღარიბებისთვის და მუშათა კლასის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დახმარების მომატების მოწოდებებით.