„კომერსანტი“ სოლიდარობას უცხადებს თავის კოლეგას TV პირველიდან და გმობს პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის და შეურაცხყოფის ფაქტებს.
„ჩვენი მედიაჰოლდინგის სახელით, გვინდა მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ მედიის დამოუკიდებლობა და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობაში ჩაურევლობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშნელოვანესია. კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან თავდასხმები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მოვუწოდებთ მმართველი გუნდის დეპუტატებს, თავი შეიკავონ ჟურნალისტების კრიტიკისაგან და უზრუნველყონ ქვეყანაში ჯანსაღი მედია დამოუკიდებლობა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების თავისუფალი საქმიანობა.
შეგახსენებთ, გუშინ, TV პირველის გადაცემაში „დღის ამბები“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე გააკრიტიკა. დეპუტატის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჟურნალისტმა ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა.
„მორალურად არ გრძნობთ პასუხისმგებლობას? თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, რომ ჩივილი აქ არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის გამო ვინმე მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და მე ვიყო ჟურნალისტი, ეს ადამიანი რომ მივიწვიო გადაცემაში ისე, რომ არ ჩავიდე და ვკითხო მოწმეებს, შევეკითო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ძალადობის წახალისება არ არის?“-განაცხადა ოხანაშვილმა.