კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით სამუშაოები უახლოეს დროში დაიწყება ისე, რომ მგზავრების გადაყვანის შეფერხება არ მოხდეს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.