ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისადმი აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს რაოდენ დიდია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს, ჩვენი მოსახლეობისა და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკელი კონგრესმენების მიერ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის კეტრინ ტაისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ კომენტარისას განაცხადა.
წერილში ამერიკელი კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისეთ მყარ საფუძველს ემყარება, როგორიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ჩარჩო შეთანხმება, მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება. საქართველოს როგორც ღირებულ პარტნიორს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, აღიარებს ასევე ევროკავშირიც, რასაც მოწმობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით.
ნათია თურნავას თქმით, ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, რა თქმა უნდა, არის მთავრობის მუშაობის შედეგი.
„თუკი რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს სრულად მზად არის, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველო. ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის. მთლიანად ხელისუფლებამ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომ ბოლო წლების განმალობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.