კონკურენციის ეროვნული სააგენტო, 2022 წლის მეორე კვარტლში, საქართველოში სხვადასხვა კომპანიების მიერ დარეგისტრირებული კონცენტრაციების მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანიების კონცენტრაციების ყოველკვარტალურმა მონიტორინგმა, რომელსაც სააგენტო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ახორციელებს, აჩვენა, რომ ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 4902 კონცენტრაცია განხორციელდა.
„ამასთან, 4898 შემთხვევაში, რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.
4 შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იყო, მაგრამ 3 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა. ერთ შემთხვევაში კი სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სააგენტოსთვის წინასწარ არ შეტყობინებას. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები, მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.