კონკურენციის სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგის დაწყებას გეგმავს, რომელიც სეზონზე თხილის ფასებთან დაკავშირებული საკითხის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს - ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ მედიაცენტრ „მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით სააგენტომ პრობლემის შესახებ განაცხადი უკვე მიიღო.
„კონკურენციის სააგენტოში კონკრეტული ფერმერთა გაერთიანების მხრიდან შემოსული საკითხი თხილის ბაზრის მიმართულებით მოკვლევის დაწყებას ეხებოდა, თუმცა განაცხადში კონკურენციის კონკრეტული მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ აქ მონიტორინგის პროცესის დაწყება შესაძლებელია,
თხილის ბაზრის მონიტორინგის შესახებ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, რათა განაცხადში დასმული პრობლემატიკა გამოვიკვლიოთ, რომელიც სეზონზე თხილის ფასების ცვლილებას და შესაძლო შეთანხმების შედეგად ფერმერებისთვის ფასების მნიშვნელოვან კლებას უკავშირდება და დავადგინოთ, თუ რამდენად აქვს ამას საფუძველი კონკურენციის კანონმდებლობასთან მიმართებაში. ერთ-ერთი საკითხი და მთავარი თემა 2023 წელს იქნება ეს“,- განმარტა ლექვინაძემ.