საკანონმდებლო ორგანოში არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების ცვლილებაზე მსჯელობენ. ცვლილება სესხის თანხის გამოთხოვის ბოლო ვადად 2021 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2025 წლის 31 დეკემბერის განსაზღვრას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს (KFAED) შორის 2017 წლის 17 იანვარს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთის (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული ითვალისწინებდა ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. პროექტი ასევე მოიცავდა 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟე სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. პროექტის განხორციელების მიზნით KFAED-ის მიერ გამოყოფილ იქნა 8,000,000 ქუვეითური დინარის (დაახლოებით 26.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით. სასესხო ხელშეკრულების მიხედვით სესხის ფარგლებში თანხის გამოთხოვის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 31 დეკემბერი.
თუმცა, როგორც ირკვევა, კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო იძულებული გახდა, სასესხო ხელშეკრულებების ცვლილება მოეთხოვა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო- გოდერძის უღელტეხილის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას (Todini Construzioni General S.p.A) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 6 მარტს შეუწყდა ხელშეკრულება.
სამუშაოების დაწყების გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, დეპარტამენტის წინადადებით და KFAED-ის თანხმობით, პირველი ლოტიდან გამოიყო საწყისი 5 კმ-იანი მონაკვეთი და დაფინანსების წყაროდ განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტი (კონტრაქტის ღირებულება – 14,581,880 ლარი), ხოლო სამუშაოების დასრულების თარიღად - 2021 წლის 11 დეკემბერი. შესაბამისად პროექტით გათვალისწინებული 29 კმ-იანი გზის ნაცვლად ფონდიდან აღებული სესხი 24 კმ-ის რეაბილიტაციას მოხმარდება.
გამოცხადებული ხელახალი ტენდერის შედეგად, 2020 წლის 9 ოქტომბერს ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „Sinohydro Corporation - Limited-თან (კონტრაქტის ღირებულება 57,177,829,25 ლარი (დაახლოებით 5,455,066.90 ქუვეითური დინარი), საიდანაც KFAED-ის დაფინანსების ოდენობა 4,242,932.55 ქუვეითური დინარია. სამუშაოების დაწყების თარიღი იყო 2021 წლის 20 იანვარი, ხოლო დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 19 იანვარი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, დეფექტების შეტყობინების ვადა შეადგენს 730 დღეს (2025 წლის 18 იანვარი).
პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საჭიროა განხორციელდეს ცვლილება სასესხო ხელშეკრულებაში და სესხის ფარგლებში თანხის გამოთხოვის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 31 დეკემბერი, ასევე, სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დანაზოგის გაუქმება (2,300,000 ქუვეითური დინარი (დაახლოებით 7.4 მლნ აშშ დოლარი)). იმავდროულად საჭიროა გასწორდეს სასესხო ხელშეკრულების „დანართი 2“ და ნაცვლად 29 კმ-იანი მონაკვეთისა მიეთითოს 24 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო პროექტის დასრულების ვადად უნდა განისაზღვროს 2024 წელის ბოლომდე.
პირველი ლოტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 10,564,518.38 ლარს (1,007 910.85 ქუვეითური დინარი). აღნიშნული თანხა აღემატება სესხიდან საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტში გამოყოფილ თანხას (720,000 ქუვეითური დინარი).
საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტში არსებული დეფიციტის დაფინანსების წყაროდ განსაზღვრული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამ ყოველივედან გამომდინარე, პირველი კატეგორიის ქვეშ რჩება დაახლოებით 2.5 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობით დანაზოგი. ამის გარდა, ასევე არსებობს სესხის ფარგლებში გათვალისწინებული 400,000 ქუვეითური დინარი გაუნაწილებელი გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის.
ამასთან, სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების კომპონენტში შემდგომში კურსთა შორის სხვაობა, დამატებითი სამუშაოების საჭიროება, ან სხვა დამატებითი ხარჯი და საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოყოფილ თანხასა და საზედამხედველო მომსახურების ფაქტობრივ ხარჯს შორის სხვაობის დაფარვა განხორციელდება საბიუჯეტო სახსრებით დეპარტამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 სექტემბრის N1740 განკარგულების საფუძველზე, 2022 წლის 28 სექტემბერს ხელი მოეწერა „2017 წლის 17 იაწვრის „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ ცვლილების შეთანხმებას, რაცა ახლა პარლამენტის მხრიდან რატიფიცირება სჭირდება.