საქართველოს ეროვნული ბანკი კომეციული ბანკებისთვის ბუფერების მოთხოვნის ზრდას განიხილავს. თავის მხრივ, ამ ბუფერის მოთხოვნის ზრდა საფინანსო სისტემისთვის კაპიტალის გაძვირებაში შეიძლება აისახოს. ბუფერების მოთხოვნის გადახედვის შესახებ რეკომენდაცია ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციას წარმოადგენს. სებ-ის თანახმად, კონტრციკლური ბუფერი ამჟამად 0%-ზე ნარჩუნდება, თუმცა მისი შემდგომი ზრდა გამორიცხული არაა.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების გადაწყვეტილების მიღება, ნიშნავს, რომ ბანკებმა უფრო მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ, შესაბამისად ახალი მოთხოვნები სხვა რეგულაციებთან ერთად, დაკრედიტების ზრდის ტემპს კიდევ უფრო შეანელებს.
„საინტერესო იქნება შემდეგი კომიტეტის სხდომაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი კონტრციკლური ბუფერის დაწესების კუთხით. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით არ იქნება საჭირო კონტრციკლური ბუფერის ამოქმედება, რადგან ბანკებისთვის კაპიტალის ახალი მოთხოვნების დაწესების საჭიროებას ვერ ვხედავ. კონტრციკლური ბუფერის ამოქმედება, სხვა რეგულაციებთან ერთად დაკრედიტების ზრდის ტემპს კიდევ უფრო შეანელებს.
მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იქნება კაპიტალზე ზეწოლის მიმართულებით, რადგან საერთაშორისო ანგარიშგების სისტემაზე გადასვლის პროცესი იწყება და ეს შეიძლება მნიშვნელოვნად დააწვეს კომერციული ბანკების კაპიტალს. გარდა ამისა, წელს ბანკებს დამატებითი კაპიტალის აკუმულირება ისედაც მოუწევთ. ამ ყველაფერს დამატებული კონტრციკლური ბუფერის შემოღება, ანუ ბანკებისთვის მეტი კაპიტალის დარეზერვების მოთხოვნა, საჭირო ნამდვილად არ არის, თუ გარკვეულ რისკები არ იკვეთება, რაც ამ ეტაპზე არ ჩანს“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
განახლებული მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე სებ-მა კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა უცვლელად, 0%-ზე დატოვა. ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის ზომა ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ფინანსური სტაბილურობის შემდეგ კომიტეტზე, თებერვალში განსაზღვროს.