თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის. კერძოდ, 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარის შემთხვევაა, მათგან 144 ბათუმში გამოვლინდა, ხოლო ერთი ქობულეთში. რაც შეეხება დანარჩენი შემთხვევების ტერიტორიულ განაწილებას:
„თბილისში გახლავთ 29. იმერეთი- ქუთაისი არის 7 და საჩხერე-1. შიდა ქართლი- გორი გახლავთ 4, ქვემო ქართლი- გარდაბანი 3, გურიაში- ოზურგებთში 4 შემთხვევაა, ზემო სვანეთი სამეგრელო- ზუგდიდში 2 და ფოთში 1. მცხეთა-მთიანეთში- მცხეთაში გახლავთ ერთი შემთხვევა“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-სამკურნალო დაწესებულებებში ჯამურად 1319 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1412.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
radiotavisupleba.ge