აშშ-მა და ავსტრალიამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დროის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსული აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები კი 14-დღიან კარანტინში მოთავსდებიან. მანამდე მსგავს ზომებს რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ მიმართეს. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთი შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია.
ჩინეთმა დაწესებული შეზღუდვები გააკრიტიკა და სახელმწიფოები ოფიციალური რეკომენდაციების იგნორირებაში დაადანაშაულა. „მაშინ, როცა ჯანმო მოგზაურობის აკრძალვას არ გვირჩევს, აშშ საპირისპიროს აკეთებს. ეს კეთილი ნების გამოხატვა ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპირეკა უა ჩუნიინმა.
რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 259 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 11 000-ს გადააჭარბა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
Imedinews