ეკონომიკისთვის კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა სესხებისა და კრედიტების დაფარვის პირობების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის.
„კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და მეწარმეების მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწრაფოდ ვიწყებ გადაწყვეტილებების შემუშავების ინიცირებას, რომელიც მიმართულია საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქებაზე. ფინანსურ ბაზარზე პასუხისმგებელი ყველა უწყების მხრიდან თანამშრომლობის მზაობას ველი“, - დაწერა პოლონეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა. 467 ადამიანი კორონავირუსზე ეჭვით ჰოსპიტალიზებულია, ხოლო ათასამდე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge