კორონავირუსის, საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის მიუხედავად საქართველოში სააღდგომო სამზადისი მაინც მიმდინარეობს.კვერცხი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია.. „კომერსანტი“ დაინტერესდა, წინასააღდგომოდ და გაუფასურებული ლარის პირობებში, როგორია აღნიშნული პროდუქტის ფასი და რა მოლოდინები აქვთ მწარმოებელ კომპანიებს.
„ბიუ-ბიუ“-ს დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „კომერსანტთან“ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მათ პროდუქციაზე, მოთხოვნა დიდია და კომპანიას სარეალიზაციაო ფასი არ გაუზრდია. „როგორც შარშან, ისეთი მოთხოვნაა წელს კვერცხზე და ქათამზეც. რადგან მარხვა სრულდება და ისეთი საკვები, რომელიც ამ პერიოდში არ დაიშვებოდა დასაშვები გახდა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ხალხი სახლში მაინც აღნიშნავს დღესასწაულს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაემატა ლარის გაუფასურებაც, მაგრამ ჩვენი კომპანია მაინც ინარჩუნებს ფასს და პროდუქტიც, როგორც კვერცხი ასევე ქათამი, ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.“-ამბობს რევაზ ვაშაკიძე.
ანალოგიური მდგომარეობაა კომპანია „მუხრანის ქათამშიც“, მისი დამფუძნებლის მამუკა ნოზაძის თქმით, ლარის გაუფასურების გამო გაძვირებული საკვების მიუხედავად, მზა პროდუქტზე ფასი უცვლელი დარჩა.
„აღდგომა ახლოვდება და კვერცხზე მოთხოვნა წინა წლების მსგავსადაა. კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყნის მასშტაბით, ქალაქიდან გასვლა და შემოსვლაც იკრძალება თუმცა, სახლისთვის მაინც იძენენ. გარდა იმისა, რომ სააღდგომოდ ყიდულობენ კვერცხს, საკვებადაც იყენებს ბევრი. შესაბამისად, პროდუქტზე მოთხოვნა არ შემცირებულა. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დაემატა ლარის გაუფასურებაც, გაგვიძვირდა საკვები და პრეპარატებიც, თუმცა, უშუალოდ არ ასახულა მზა პროდუქტზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. სამომავლო გეგმა ჯერ არ გვაქვს, რადგან წინასწარ ვერ ვსაზღრვთ, ვერაფერს თუნდაც დოლარის კურსის გამო.“-ამბობს მამუკა ნოზაძე.
რეალიზაციის შემცირებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ კომპანია „კოდაში“. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ავალიანი, დოლარის კურსის ცვლილების გამო, საკვები დანამატების გაძვირებას და იმპორტის შეფერხებასაც უსვამს ხაზს.
„ბაზარზე არის მოთხოვნა, მაგრამ ხალხს უჭირს პროდუქტის შეძენა, იმის გამო, რომ უდიდესი რიგებია მაღაზიებში.დღევანდელ დღემდე მცირდით იყო შემცირებული რეალიზაცია და ხვალ და ზეგ ვნახოთ რა იქნება. დღეს რა პრობლემის წინაშეც დგას ჩვენი კომპანია არის ის, რომ დოლარის კურსის გამო მარცვლეული გაგვიძვირდა, ამავდროულად, ცოტა შეფერხებით შემოდის ქვეყანაში ტვირთები, რადგან რუსეთიდან ვმარაგდებით და იქ გაჩერებულია დატვირთვის პროცესი.ამ ეტაპზე მაქსიმალურად ვცდილობთ ფასი შევინარჩუნოთ კომპანიაში ცვლილებების ხარჯზე, თუმცა, ეს ცვლილება არ ეხებათ თანამშრომლებს, არამედ ხარჯების სტრუქტურა შევცვალეთ, ისიც იმის იმედით, რომ ლარის კურსი დაიწევს.“-ამბობს გიორგი ავალიანი.
ნათია ლომიძე