კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების გამო, ბელგიაში კინოთეატრები და თეატრები დაიხურება. გარდა ამისა, სპორტული ღონისძიებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
როგორც ბელგიის მთავრობაში აცხადებენ, ახალი ზომები შობის დღესასწაულის შემდეგ ამოქმედდება.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაწესებულმა შეზღუდვებმა ხელი შეუწყო ინფექციის მაჩვენებლების შემცირებას.
„თუმცა, ოდნავ დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, აშკარაა, რომ შეშფოთების საფუძველი არსებობს. სანაპიროსთან მეკობრეების გემია და ეს „ომიკრონი“ ვარიანტია“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიაში, „ომიკრონ“ ვარიანტზე ახალი შემთხვევების 30% მოდის.
26 დეკემბრიდან არ დაიშვება აქტივობები დახურულ სივრცეში (გამონაკლისი: მუზეუმების მონახულება, ვარჯიში, ქორწილი ან დაკრძალვა). გარდა ამისა, ფეხბურთის მატჩები და სხვა სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
imedinews.ge