თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კორტების ყოფილი ტერიტორიის პრივატიზების მიზნით, აუქციონი გამოცხადდება. ამის შესახებ, მან დღეს თბილისის მერიაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„რადგან საპრივატიზაციო აქტივის მოძიებისა და გაზრდის შესახებ ინფორმაციას შევეხეთ, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საპრივატიზაციოდ, აუქციონზე გამოაქვს იპოდრომის მიმდებარედ, კორტების ყოფილი ტერიტორია, რომელიც ჩვენ კერძო მესაკუთრისგან გამოვისყიდეთ“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად იყო გასხვისებული. „ჩვენ ეს არ დავუშვით და შესაბამისი მოლაპარაკება დავიწყეთ. აღნიშნული ქონება საპრივატიზაციოდ გაგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ტერიტორიაზე უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები, ასევე, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და უახლოეს დღეებში, მისი პრივატიზების მიზნით, აუქციონი გამოცხადდება“, - აღნიშნა კალაძემ.
მან მოუწოდა კერძო სექტორს, საპრივატიზაციო აქტივებით, განსაკუთრებით კი იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთით დაინტერესდნენ, სადაც სპორტული კომპლექსის აღდგენა უნდა მოხდეს.
imedinews.ge