2022 წელს პრივატიზაციის გეგმა ჩავარდა. გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი პრივატიზაციიდან 202.8 მილიონი ლარი იყო, რაც 92.2 მილიონი ლარით ნაკლებია 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ პრივატიზაციის 300 მლნ. ლარის გეგმაზე.
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა „კომერსანტთან“ საპრივატიზაციო პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული მოდელით პრივატიზაცია ბიუროკრატიიდან დაწყებული, კორუფციით დამთავრებული, ძალიან ბევრ რისკს აჩენს.
„პირველ რიგში არასწორად შერჩეული არის პრივატიზაციის მეთოდი. „ფულზე პრივატიზაცია“ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე არასწორია და მას ვერ ექნება ის დადებითი ეფექტი, რაც უნდა მისცეს ქვეყანას კერძო საკუთრების ფორმირებამ. გრძელვადიან პერიოდს რომ გადავხედოთ, პრივატიზაციის გზით სახელმწიფომ ვერცერთ წელს ვერ შეძლო 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება. არათუ 300 მლნ ლარი, არამედ ჩვენ რომ შევძლოთ 1 მილიარდი ლარის ქონების პრივატიზება წელიწადში, დაახლოებით ერთი საუკუნე ვერ დავასრულებთ პრივატიზაციის პროცესს.
ფულზე პრივატიზაცია რომ ცუდი მოდელია, ეს მარტო იმიტომ არაა, რომ მოკლე დროში არ იძლევა ეფექტს, ეს სხვა რისკებსაც აჩენს, ბიუროკრატიიდან დაწყებული კორუფციით დამთავრებული. აუქციონის პრინციპით პრივატიზაციის მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ის, რომ შედგეს კონკურენცია და ასე გამოვლინდეს გამარჯვებული, მაგრამ ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მსურველი საერთოდ არ არის, შემდეგ კი ვიღაც ძალიან დაბალ ფასად შეიძენს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მთავრობასთან დაკავშირებული პირია.
გარდა ამისა, ამ მეთოდით სახელმწიფო შედის კონკურენციაში კერძო სექტორთან და ავიწროებს მის შესაძლებლობებს. სახელმწიფოს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონება სხვა დანარჩენი უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფით გავლენას ახდენს და კერძო მესაკუთრეების ქონების ღირებულებას დაბლა წევს. ერთადერთი სწორი მეთოდი საქართველოსთვის იქნება უფასო პრივატიზაცია, სახელმწიფოს ხელთ არსებული აქტივები უფასოდ გადაეცეს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს მოსახლეობას, აუქციონის პრინციპი შენარჩუნებული უნდა იყოს და ყველას უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა“, — ამბობს რამაზ გერლიანი.
2022 წლის განმავლობაში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ყველაზე მსხვილი აუქციონი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ გაყიდვა იყო. 4 წარუმატებელი აუქციონის შემდეგ „მიხაილოვის საავადმყოფო“ ქართული წარმოშობის რუსმა ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მლნ ლარად იყიდა, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენება იგეგმება. გასული წლის მსხვილ საპრივატიზაციო ობიექტებს შორის იყო ასევე რიყის დოქები, რომელიც 10 მლნ ლარად ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა იყიდა. თუმცა დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესმენის კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ხიდაშელი მზადაა ობიექტის 50% გაყიდოს.