რუსეთის ფედერაციის წილი კოსმოსური ხომალდების გაშვებაში ისტორიულ მინიმუმამდე - 12%-მდე დაეცა. სპეციალისტების შეფასებით, ვარდნაზე იმოქმედა რუსეთის ფედერაციისათვის დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, რომლებიც კრძალავს რუსეთში ამ დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების იმპორტს. შემოვლითი გზები, საკანონმდებლო ხვრელები და კონტრაბანდა სანახევროდაც კი ვერ აკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნილებას.
„2022 წელს რუსეთმა 22 ხომალდი გაუშვა, მაშინ როცა მსოფლიოში 178 წარმატებული გაშვება აღირიცხა“, - რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და როსკოსმოსის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა სააგენტო „რავენსტვო მედიამ“, რომელიც მონაცემთა ბაზებს აანალიზებს და ფაქტებს ამოწმებს.
შედარებისთვის: 1990 წელს, რუსეთმა წარმატებით გაუშვა 65 რაკეტა, რაც იმ წელს მსოფლიოში გაშვებული ყველა რაკეტის 54%-ია.
„2022 წელს რუსეთის ფედერაციამ წარმატებით გაუშვა 13 რაკეტა სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების თანამგზავრებით, რაც ერთგვარი ანტირეკორდია: 1995 წელს აღირიცხა 15 წარმატებული გაშვება“, - წერენ კვლევის ავტორები, რომელთა თქმითაც, დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი 13 თანამგზავრიდან 3 ეკუთვნის „Глонасс“-ს - რუსეთის გლობალურ სანავიგაციო სატელიტურ სისტემას.
2021 წლიდან მოყოლებული რუსეთი ამცირებს გაშვებული რაკეტების რაოდენობას (ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება 2023 წელსაც), მაშინ როცა შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა 2016 წლიდან მოყოლებული 3-4-ჯერ გაზარდეს „ორბიტალური გაშვებები“.
ვრცლად radiotavisupleba.ge