სპეციალისტების ინფორმაციით, სოციალური დიფერენციაცია შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. თუკი პანდემიამდე მდიდარ და ღარიბ ჯგუფებს შორის შემოსავლების სხვაობა დაახლოებით 17-ჯერადი იყო, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, უფსკრული გაღრმავდა და სხვაობამ უკვე 20-ჯერად მაჩვენებელს მიაღწია, რაც მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის.
სოსო არჩვაძის თქმით, მართალია, გლობალური ეკონომიკა შემცირდა, მაგრამ მილიარდერებმა რამდენიმე მილიარდით მეტი შემოსავალი მიიღეს, მცირე და საშუალო შემოსავლიანი მოქალაქეები კი კიდევ უფრო გაღარიბდნენ.
,,მსოფლიოს ყველაზე დიდი ხუთი კორპორაციის აქტივების საერთო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, ფაქტობრივად მიდის გლობალური სიმდიდრისა და შექმნილი დამატებული ღირებულების გადანაწილება მაღალშემოსავლიანების სასარგებლოდ. საქართველო, რომელიც გლობალური ეკონომიკის ნაწილია, იმის მიუხედავად, რომ მისი მასშტაბები მცირეა, აქაც დაახლოებით ანალოგიურ ტენდენციას აქვს ადგილი: ამორტიზაციას ახდენს ის გარემოება, რომ ხელისუფლებას მიღებული აქვს ანტიკრიზისულ ღონისძიებათა პროგრამა, რომლითაც ხდება გარკვეული მონეტარული დახმარება იმ ოჯახებსა და შინამეურნეებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შეექმნათ სამსახურის თუ მარჩენლის დაკარგვის გამო. ცხადია, მათ მიერ მიღებული ზარალის სათანადო კომპენსაცია ვერ ხერხდება და ხალხი დიდ ზარალს განიცდის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის შემოსავლებში სხვაობა პანდემიური პერიოდისთვის არანაკლებ 19-20-ჯერადია“, - განმარტავს ,,კომერსანტთან“ სოსო არჩვაძე.
სტატისტიკოსი აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზეც, რომ მატულობს პოსტპანდემიურ პერიოდში რეაბილიტაციის და ჰიგიენური საშუალებებისთვის განკუთვნილი ხარჯი, რაც მოსახლეობას არანაკლებ 60 მილიონი ლარით აზარალებს.
,,დაავადების გავრცელების გამო იმდენად მკურნალობაზე არ იხარჯება ფული, რამდენადაც შემდგომ რეაბილიტაციასა და ჰიგიენის წესების დაცვაზე. ვინც ავად იყო და რეაბილიტაციას საჭიროებს, მათგან მცირე ნაწილი ხვდება იმ კატეგორიაში, რომელმაც გაზარდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და მათზე შემოსვლის ზრდის გავლენა ნაკლებად აისახება. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა კი, დადასტურებული მონაცემით, 112 000-ით არის გაზრდილი, ხოლო დამატებით 85 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა წლის მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით. შემოსავლები და კეთილდღეობა იზრდება, მაგრამ პარალელურად მატულობს საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენციაცია. საბოლოოდ, სხვაობა შემოსავლების მიხედვით შედარებით მდიდრებსა და შედარებით ღარიბებს შორის, შემცირების ნაცვლად მატულობს, რაშიც კოვიდს თავისი ,,წვლილი“ შეაქვს“, - ამბობს არჩვაძე.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1 პროცენტს შეადგენს.
გარდა ამისა, 2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
მარი ჩიტაია