კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე (2570 ახალი კოვინფიცირებულია ბოლო ერთ კვირაში), კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა.
მაგალითად, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები არათუ დატვირთული, გადატვირთულია“, — ამბობენ კლინიკაში. „პაციენტების უმეტესი საშუალო სიმძიმის არის, თუმცა გვყავს მძიმე პაციენტებიც“, - აღნიშნავს „ინტერპრესნიუსთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.
კოვიდ-პაციენტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში. თუმცა, როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმ-ინფექციონისტმა, მარინა ენდელაძიემ განაცხადა, კოვიდ-პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა საკმარისია და პრობლემა არ გახდება.
რაც შეეხება აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც ამჟამად ჰიბრიდულ რეჟიმზეა, იქ ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა „მსუბუქად არის მომატებული“.
კოვიდინფიცირების შემთხვევების ტენდენციის ფონზე, სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციას და დახურულ სივრცეში პირბადის ტარებას ურჩევენ. როგორც გახსოვთ, ყველა რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების პრევენციის მიზნით არსებობდა, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხმარების ვალდებულება, 20 ივნისიდან გაუქმდა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შემთხვევების მატების კვალდაკვალ, შესაძლოა, კვლავ საჭირო გახდეს კოვიდ-ინფიცირების პრევენციისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შემოღება, თუნდაც, პირბადის მოხმარების ვალდებულება დახურულ სივრცეებში. ივანე ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე, კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელს ჯერ არ მიუღწევია იმ რიცხვებისთვის, რომ დღეს უკვე საჭირო გახდეს გარკვეული რეგულაციების ამოქმედება, თუმცა, თუკი მატების ეს ტემპი შენარჩუნდა, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მოუწევს, გადახედოს კოვიდ-რეკომენდაციებს.