რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კრეისერი „მოსკოვი“ შტორმის გამო იმ დროს ჩაიძირა, როდესაც მისი ბუქსირება ხდებოდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო ТАСС წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„კრეისერი „მოსკოვი“ დანიშნულების პორტში ბუქსირების დროს ჩაიძირა მას შემდეგ, რაც ბორტზე საბრძოლო მასალის დეტონაციით გამოწვეული ხანძრის გამო კორპუსი დაუზიანდა და ხომალდმა მდგრადობა დაკარგა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროში დასძინეს, რომ როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, კრეისერის ეკიპაჟი ახლოს მდებარე ფლოტის სხვა გემებზე იყვნენ ევაკუირებული.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია 14 აპრილს ღამით გავრცელდა.
უკრაინული მხარე კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული კრეისერი „მოსკოვი“ უკრაინული წარმოების გემთსაწინააღმდეგო სისტემით „ნეპტუნით“ ჩაძირეს.