რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) შემადგენლობიდან გადის, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ ინფორმაციაში. „რუსეთმა განაცხადა, რომ UNWTO–დან აპირებს გასვლას. ეს პროცესი გარკვეული პროცედურების გავლას საჭიროებს, რაც შეიძლება ერთ წელს გაგრძელდეს. მაგრამ წევრობის შეჩერება ძალაში დაუყოვნებლივ შედის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინტერფაქსი ციტირებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
UNWTO–ში ასევე აცხადებენ, რომ დღეს, 27 აპრილს გამართულ რიგგარეშე გენერალურ ასამბლეაზე მადრიდში უნდა განიხილონ რუსეთის წევრობის შეჩერების საკითხი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.
ასამბლეის სესიის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში მიიღეს მას შემდეგ, რაც კოლუმბიამ, გვატემალამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, სლოვენიამ და უკრაინამ ორგანიზაციას რუსეთისთვის წევრობის შეჩერების თხოვნით მიმართეს.
თავის მხრივ, რუსეთმა წერილობით მიმართა ორგანიზაციას და დაგეგმილი სესიის გაუქმების თხოვნით მიმართა, არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ტურიზმთან არანაირ კავშირში არ არის.