გასული წელი კრიპტოვალუტების ქურდობის მხრივ ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო - ჰაკერებმა $3.8 მილიარდი მოიპარეს, მათ სათავეში ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ბოროტმოქმედები არიან. ამის შესახებ Reuters ამერიკული ანალიტიკური კომპანიის Chainalysis-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
Chainalysis-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰაკერული აქტივობა აღმასვლით და დაღმასვლით ხასიათდებოდა, ის განსაკუთრებით მაღალი იყო მარტსა და ოქტომბერში. ოქტომბერი კრიპტოვალუტის ჰაკერებისთვის ისტორიული თვე აღმოჩნდა, 32 ცალკეული თავდასხმის შედეგად მათ იმ თვეში $775.7 მილიონი მოიპარეს.
ყველაზე აქტიური ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერები იყვნენ, განსაკუთრებით კიბერდანაშაულის სინდიკატი Lazarus Group. მათ გასულ წელს სხვადასხვა თავდასხმის შედეგად მოიპარეს დაახლოებით $1.7 მილიარდი.
ჩრდილოეთ კორეა ჰაკერების ან სხვა კიბერშეტევების შესახებ ბრალდებებს უარყოფს.
გაეროს სანქციების მონიტორინგის ექსპერტთა თანახმად, ჩრდილოეთ კორეა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ჰაკერებზე, რათა დააფინანსოს თავისი სარაკეტო და ბირთვული იარაღის პროგრამები.