საქართველოში მოქმედ უმსხვილეს აზარტული თამაშების ოპერატორ “კრისტალბეთს” გასულ წელს ₾453.5 მილიონის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2020 წელთან შედარებით ₾90 მილიონით მეტია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს დადებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას.
ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾177 მილიონი იყო, 2021-ში ის ₾196 მილიონამდე გაიზარდა, რითიც “კრისტალბეთი” ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა.
2021 წელს კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა: შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 350.7 მილიონი ლარი; შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 80.3 მილიონი ლარი; შემოსავალი peer to peer თამაშებიდან - 9.4 მილიონი ლარი; სხვა შემოსავალი - 13.1 მილიონი ლარი.
“კრისტალბეთმა” 2021 წელს ₾17 მილიონის ხელფასები გასცა, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯებზე 210.6 მილიონი ლარი დახარჯა.
“კრისტალბეთის” მესაკუთრეს შპს “ენთეინ ჯორჯია” წარმოადგენს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის ENTAIN-ის შვილობილია. ENTAIN-ი კი მსოფლიოში აზარტული თამაშების ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა.