სააუქციონო კომპანია „კრისტის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წელს მის მიერ ჩატარებულ აუქციონებზე გაყიდული ხელოვნების ნიმუშების და სხვა საკოლექციო საგნების ჯამური ღირებულება, 7.1 მილიარდი დოლარია. ეს დაახლოებით 54 პროცენტით სჭარბობს 2020 წელს გაყიდვების მოცულობას და 22 პროცენტით - 2019 წლის გაყიდვებს.
„კრისტის“ ინფორმაციით, ეს ბოლო ხუთ წელიწადში, გაყიდვების ყველაზე კარგი მაჩვენებელია. ეს პირველ რიგში, ეკონომიკის აღდგენამ და ხელოვნების ნიმუშებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.
მაგალითად, პიკასოს ნახატი „ფანჯარასთან მჯდომი ქალი“, 103.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს გასულ წელს ერთადერთი საგანია, რომელშიც 100 მილიონზე მეტი გადაიხადეს. ამერიკელი ნეოექსპრესიონისტ ჟან-მიშელ ბასკიას სურათი „ამ შემთხვევაში“, 93.1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
„კრისტიმ“ გასულ წელს ციფრული არაგაცვლადი მონეტების 100-ზე მეტი ნიმუში გაყიდა, რომლებშიც ჯამში 150 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადეს. კომპანია აცხადებს, რომ ციფრული მონეტების მყიდველთა 75 პროცენტი აუქციონებში პირველად მონაწილეობდა და მათი საშუალო ასაკი 42 წელია.
„კრისტიზე“ მეტი გაყიდვები ჰქონდა სააუქციონო კომპანია „სოთბისს“, რომლის გაყიდვებმაც რეკორდულ 7.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. „ფილიპსის“ გაყიდვები კი „მხოლოდ“ 1.2 მილიარდია, თუმცა ამ კომპანიისთვის ესეც რეკორდული მაჩვენებელია.
bpn.ge