თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, გულიას პირველი ჩიხი N6-ის მიმდებარედ, 6 500 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა განთავსდა, ასევე, გარე განათების ქსელი დამონტაჟდა. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. სკამები და სეპარირებული ურნები დამონტაჟდა. ასევე, დეკორატიული ფილები დაიგო. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა. ასევე, დიდი სპორტული მოედანი მოეწყო.
აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელობაში იყო. მოსახლეობის თხოვნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის უშუალო ჩართულობის შედეგად, აღნიშნული სივრცე მოეწყო.
„ხეივანში ახლად მოწყობილ სკვერსა და სპორტულ მოედანს მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა. ბატონი კახას უშუალო ჩართულობით, შევძელით და 2007 წელს გასხვისებული ტერიტორია დავიბრუნეთ და სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დავიწყეთ. დღეს, უკვე ამ სივრცეს მოწესრიგებულს და გალამაზებულს რომ ვხედავთ, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენც ძალიან გვახარებს. ბოლო წლებში დაახლოებით, 10 ჰექტრამდე სივრცე გავალამაზეთ და ამ მიმართულებით სამუშაოებს აქტიურად ვაგრძელებთ“, - აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 988 223 ლარი გამოიყო.