„კახური ტრადიციული მეღვინეობის“(KTW ჯგუფი) შვილობილი კომპანია KTW Development-ი ფიროსმანის ქუჩაზე ახალ, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. 15 მილიონი ლარის ინვესტიციით პროექტის განხორციელება 2020 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო და 15 თვეში დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.
KTW-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ როგორც კი თბილისის მერიისგან გაიცემა სამშენებლო ნებართვა, კომპანია მზად არის მრავალფუნქციური კომპლექსი „ნიკალას“ მშენებლობის დასაწყებად. ბიზნესმენის თქმით, კომპანიას სამშენებლო ნებართვის მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს და ყოველ დღე პასუხის მოლოდინშია.
„ჩვენის მხრივ ყველაფერი გაკეთებულია, გუშინ გვქონდა შეხვედრა თბილისის მერის მოადგილესთან და ნებართვის გაცემას ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ ჩვენი მშენებლობის დაწყების დრო შეიწირა და აქამდე გადადო. ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ როგორც კი თბილისის მერიისგან გაიცემა ნებართვა ლოკაციაზე არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების შესახებ, სულ რაღაც ერთ თვეში დავიწყებთ მშენებლობას. მერიისგან გვაქვს პირობა, რომ აღნიშნულ პროექტს ძალიან მალე გაიტანენ საბჭოზე, პასუხს ყოველ დღე ველოდებით.
ეს იქნება თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსი, რომელშიც გათვლილია ორდონიანი საპარკინგე ადგილი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული საცხოვრებელი სივრცე. ეს ტერიტორია საინტერესოა და განვითარების პერსპექტივა აქვს, როგორც ტურისტული ასევე, ბიზნესის კუთხითაც. ადგილზე ვგეგმავთ კაფე/რესტორნებისა და საერთო გამოყენების სივრცეების შექმნას, რომელიც პროექტს ყველასათვის მიმზიდველს გახდის. თუ იქნება დაინტერესება ამ კონკრეტულ პროექტზე, სამომავლოდ ფიროსმანის უბნის განვითარებაზეც ვიზრუნებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
კომპლექსი შედგება 4 ძირითადი ბლოკისგან, რომლის საცხოვრებელი სივრცის ბუნებრივი ვენტილირება იქნება შესაძლებელი და ზედა სართულებზე იქნება გამწვანებული სივრცე. პროექტი მოწონებულია თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ. პროექტის მიხედვით, კომპლექსის პირველი სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა, დანარჩენი კი აპარტ-სახლები იქნება.
ნინო თამაზაშვილი